იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ბესელია მედიასთან შეხვედრას 12:00 საათზე აპირებს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და გუნდში დაპირისპირების საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა, ეკა ბესელიამ თქვა, რომ "ორშაბათს ყველაფერს ნათელს მოჰფენს“.
ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადება 10 იანვარს გაავრცელა. მასში წერია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.
ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ "მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად".
რაც შეეხება ბესელიას, ივანიშვილის აზრით, ის გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.





