ქართული ოცნება

ფოფხაძე: ფრაქციამ იურიდიული კომიტეტიდან გამიწვია, თანამდებობას ვეღარ დავიკავებ

საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია ქართულმა ოცნებამ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ფოფხაძის თქმით, შესაბამისად, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. მისი თქმით, ამის მიზეზებზე ფრაქციამ უნდა ისაუბროს.

"ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ" - თქვა ფოფხაძემ. მან ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა ადრე დატოვა.

დეპუტატის თქმით, პრინციპული საკითხია, როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

"თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - ამბობს ფოფხაძე და აღნიშნავს, რომ თავის პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს.

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს. თავად ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ამის მიზეზად კი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. ბესელიას გადაწყვეტილებას კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მისი რამდენიმე კოლეგის მხრიდან.

კომენტარები