ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, მთავარი პრობლემა, რაც საზოგადოების წინაშე დგას, სასამართლოს დამოუკიდებლობაა. მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ვერ გადაწყდა ვერც ერთ ეტაპზე.
"საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ჯერ იყო კორუმპირებული სისტემა, რომელიც იყო დამოკიდებული ორგანიზებულ დანაშაულზე, ჩაწყობაზე, ქრთამზე და პოლიტიკურ საქმეებში ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას, ასეთი იყო გარიგება შევარდნაძის რეჟიმის დროს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმოიფხვრა ერთი პრობლემა, აღმოიფხვრა კორუფცია, მაგრამ დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ძლიერი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანაში.
2012 წელს, როცა პირველად შეიცვალა არჩევნების გზით ხელისუფლება, ქართულ ოცნებას და ივანიშვილს გუნდს ჰქონდა შანსი, წინა ხელისუფლების დიდი ჩავარდნა, იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენდი (საკუთარ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ), გამოესწორებინათ და ეს მონოლითი მორღვეულიყო. ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო ემსახურებოდა ახალ პოლიტიკურ გუნდს, მათ შორის, წინა ხელისუფლების იმ ნაწილის დევნის თვალსაზრისით, ვინც პოლიტიკურ ოპოზიციაში დარჩა და კონკურენციაში მონაწილეობა მოინდომა. თორემ ვინც გაჩუმდა და გადავიდა ოცნების მხარეს, მათი დევნა არ დაუწყიათ, ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალურ მართლმსაჯულებასთან, ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლო, ამისთვის მოხდა გარიგება" - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ გარიგება იყო კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი.
"დაუშვეს კორუფცია, ოღონდ მათი პოლიტიკური დაკვეთები უნდა შესრულებულიყო იქ, სადაც უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესია. ყველაზე ცუდი კომბინაცია მივიღეთ. მოსამართლეების ეს სია არის ამ სისტემის ჩაბეტონების, გამყარების მცდელობა ივანიშვილის გუნდის მიერ" - ამბობს გიგა ბოკერია.
ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ქართულ ოცნებაში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაცია არის გავლენისთვის ბრძოლა.
"ამ ხალხს, ვინც ახლა აპროტესტებს, მათ დიდ ნაწილს უბრალოდ ბრძოლა აქვს იმაზე, რომ იქ სხვა ჯგუფის ხელშია კონტროლი პროცესებზე. მათ უნდათ, თავის წილი ჰქონდეთ კონტროლის, პლუს, ემატება სიძულვილი. დღევანდელ ხელისუფლებას ის მოსამართლეები კი არ აწუხებს, ვინც ცუდად იქცევა, მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმეზე, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს იქცეოდა ცუდად. არასწორი ანატომიით უპირისპირდებიან, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის, ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ამის გატანა ოცნების იმ ნაწილთან ერთად, ვინც მომჯდარია ახლა ამ თემაზე" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ მომენტში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების მომხრე ფრთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
"იმიტომ, რომ მათ დაულაგეს სასამართლო, სხვები არიან უკმაყოფილოები და ითხოვენ წილს ამ გავლენაში. შეიძლება, იქ არის გულწრფელი ნაწილიც, რომელსაც სჯერა, ან გულწრფელად მოძულე წინა ხელისუფლების, ან გულწრფელად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მჭმუნვარე, მაგრამ ძირითადი ხაზი არის გავლენისთვის ბრძოლა ივანიშვილის კარზე. მაგრამ ჩვენი საზოგადოების მიზანი ის კი არაა, ბესელია გაიტანს თავისას თუ არა, რეალური დამოუკიდებლობაა ამოცანა, ოღონდ ისეთი დამოუკიდებლობა, როელსაც არ ურევია კორუფცია, ორგანიზებული დანაშაულის გავლება, ნაცნობობა, ჩაწყობა, ეგეც დამოუკიდებლობა არ არის, ეს ყველაზე საშიში კომბინაციაა. ეს არის სწორედ სირთულე სასამართლო ხელისუფლების რეფორმის, სხვა ხელისუფლების შტოებთან შედარებით" - თქვა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია.
კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.
მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ეკა ბესელიამ. ასევე, მან თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება."





