ჩეჩნეთი

ეუთოს ანგარიში: ჩეჩნეთში ხელისუფლება აწამებს და იძულებით ასახლებს ადამიანებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველი რამზან კადიროვი
RFE/RL

ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს ჩეჩნეთში, ეუთოში 20 დეკემბერს წარადგინეს.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთში, ჩეჩნეთის რეგიონში ადამიანის უფლებების “ძალიან სერიოზული” დარღვევებია: ხელისუფლება აწამებს ადამიანებს, მიმდინარეობს ადამიანების იძულებითი გადასახლება, გამოაქვთ განაჩენები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და სხვა.  

რეჟიმის მსხვერპლები არიან ლგბტ პირები, ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გაუარესდა “დაშინების კლიმატი” ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ანგარიში ასევე ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე.

“ჩეჩნეთს ეპყრობიან, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას. გამონაკლისს...რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად” - წერია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ანგარიშს და მოუწოდა რუსეთს, რომ “დაიცვას თავის საზღვრებში ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის, ეუთოსა და კონსტიტუციის შესაბამისად”.

ანგარიში ნოემბერში აშშ-ისა და ეუთოს 15 წევრი ქვეყნის მოთხოვნით ჩატარდა.

კომენტარები