გახარია პარლამენტში

გახარია კირკიტაძეზე: როცა რევოლუცია გვინდა, ისიც უნდა შეგვეძლოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა

გიორგი გახარია
პარლამენტი

გიორგი გახარია 16 დეკემბერს გურჯაანში მომხდარ ინციდენტებსა და დავით კირკიტაძის დაკავებაზე ამბობს, რომ "ყველაფერს თავისი ფასი აქვს". 

"მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16-ში. 16-ში მოხდა მარტივი რამ - ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს არის და ეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

მარტივი რამ ხდება, შეხედეთ - მე ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას. ინაუგურაციის ჩაშლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი. ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ვესხმი პოლიციას. როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმისი თავი და მხნეობაც უნდა გეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა. ასეა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი - პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე დეპუტატების კითხვის პასუხად. 

დღეს, 16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს.

თუმცა

თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებს დღევანდელი დღისთვის ბოდიში მოუხადა და შეჰპირდა, რომ “ხვალიდან, თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს”.

მეორე დღეს ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. მას ბრალი 353/1 მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

მას თავდებში 27 დეპუტატი ჩაუდგა, თუმცა მოსამართლე ნარიმანიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა, რომელიც დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. 

კომენტარები