თემურ აბაზოვი

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი: ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი ვარ

reginfo.ge

მარნეულის მერი, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება, ამბობს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია. საუბარია საქმეზე, რომელშიც, პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე."

პატიმრობიდან გათავისუფლებული აბაზოვი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ამ ადამიანს "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდოდა გადასვლა.

"მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო "ოცნების" წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. შესაბამისად, ეს არის ის პერიოდი, როცა გაბრალებენ. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი", - თქვა მარნეულის ყოფილმა მერმა.

თემურ აბაზოვი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო, რომელიც ამბობდა, რომ საქმის ძირითადი მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან და აბაზოვი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." 

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე".

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და აბაზოვისთვის 40 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას 26 ივლისსაც ითხოვდა, თუმცა​რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები