უცხოელებზე მიწის გასხვისება

საკონსტიტუციომ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციომ განაჩენი დღეს გამოაცხადა, საქმის არსებითი განხილვის გარეშე. რადგან საკონსტიტუციოს მსგავს საქმეზე უკვე ნამსჯელი აქვს 2012 და 2014 წლებში.

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმათა ლეგიტიმური მიზნების იდენტურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონი ძალაში შესვლამდე ვერ ჩაითვლება მოქმედი კონსტიტუციურ სამართლებრივი სისტემის ნაწილად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში შესული და მომავალში ასამოქმედებელი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლებურად ყალიბდება საკუთრების ძირითადი უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულება, გავლენას არ ახდენს მოქმედი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ფარგლებზე და არ განაპირობებს საქმის არსებითი განხილვის საჭიროებას", - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

აღსანიშნავია, რომ დღეს საკონსტიტუციოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვადა მხოლოდ 9 დღე, 16 დეკემბრამდე აქვს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე კვლავ ახალ შეზღუდვებს აწესებს - კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც "მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე."- წერია ახალ კონსტიტუციაში. 

სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.

მანამდე კი 2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

კომენტარები