არჩევნები 2018

ბოკერია: დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის დარღვევა - ეს არის ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიში განსაკუთრებით კრიტიკულია. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს დაშინებით, მოსყიდვით და ფარულობის დარღვევით, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა დემოკრატიას.

"შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე, არც არავის, ვინც ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს, ასეთი კრიტიკული შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმ ჯგუფებისგან, ვისი ფუნქციაც არის საქართველოში საარჩევნო დემოკრატიის შეფასება.

ეს არის კიდევ ერთი უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მან უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაშიც - დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა - ამ სამი ფაქტორის კომბინაცია არის მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისა და ქართული დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის გუნდმა ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, შევიმუშაოთ სტრატეგია, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება,

გიგა ბოკერიამ ხაზგასმით თქვა, რომ მათ სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჯარის ან სამართალდაცი ორგანოების მიმართ დაუმორჩილების მოწოდებები.

"ან რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე სტაბილურობის, დემოკრატიის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი - ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებისგან, რაც ვნახეთ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნებზე" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდა პირველ და მეორე ტურს შორის.

"ანუ ეს პრობლემები იქამდეც არსებობდა, მაგრამ პირველიდან მეორე ტურამდე ახალ ხარისხში აიყვანეს ეს პრობლემები. ვიმეორებ მოსყიდვა, დაშინება, ფარულობის დარღვევა, კომბინაცია ამ ფაქტორების, რაც დავინახეთ ამ არჩევნებზე, როგორც მთავარი გამოწვევა და ზოგადად, როგორც ერთერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის

ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის არა ამომრჩეველი, არამედ ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი, ოლიგარქი, რომელიც ამ მეთოდებით (მოსყიდვა, დაშინება, ფარულობის დარღვევა), აღწევს შედეგებს, ეს არის ის გამოწვევა, რასაც უნდა ვუპასუხოთ ისე, რომ ჩვენს ქვეყანას პრობლემა არ შევუქმნათ. ეს პრობლემა, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ მშვიდობიანად და არჩევნების გზით, ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, როგორც არჩევნების მეორე ტურზე ვნახეთ, ზღვარი არ გააჩნია ამ გუნდის და მისი ლიდერის პოლიტიკურ უტიფრობას" - თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მეთოდებით ექმნება ამომრჩევლის თავისუფალ ნებას პრობლემები. მანვე დასძინა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები რესურსების განსხვავებაზეც საუბრობენ.

"ესეც თავისთავად დემოკრატიის გამოწვევაა, უბრალოდ უპირატესობა კი არ ჰქონდა ივანიშვილს, აქ ლაპარაკია ათასი ერთზე, ჰო? ესეც პრობლემაა და აღნიშნულია მოხსენებაში, ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის იმ ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი, ვისი ფუნქციაც არის ჩვენი დემოკრატიის და არჩევნების ხარისხის შეფასება. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა" - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი.

გიგა ბოკერიამ იმ ბიულეტენებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც შემოხაზული იყო გრიგოლ ვაშაძე, ხოლო შემოხაზული და გადახაზული - სალომე ზურაბიშვილი. მან აღნიშნა, რომ ესეც ფარულობის პრობლემას უკავშირდება.

"ჩვენ ვიცით, რომ იყო მასობრივი გზავნილი - ამა თუ იმ ფორმით გაეგებინებინათ ხელისუფლებისთვის, რომ დაიცვეს პირობა და მისცეს ხმა სალომე ზურაბიშვილს. ამაში შედიოდა მოწოდება, გადაეღოთ ფოტო და ეჩვენებინათ. როგორც ჩანს, ამ ტიპის ბიულეტენები სადაც არის, ბევრი მათგანი არის სწორედ ასეთი, სადაც იძულებული იყო ამომრჩეველი, ეს პირობა შეესრულებინა, შემდეგ გადახაზა სალომე ზურაბიშვილი და ხმა მისცა ვაშაძეს. ასეთი ბიულეტენები მასობრივად ცნეს ბათილად, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ნათლად წერია - ნება უნდა იყოს გამოხატუილი, ვინ ურჩევნია ამომრჩეველს" - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა და აღნიშნა, რომ ცესკომ, მისი აზრით განზრახ, დაგვიანებით დააფიქსირა პოზიცია, რომ ასეთი ბიულეტენები არ უნდა გაებათილებინათ.

"უკვე დათვლა დასრულებული იყო და ადგილზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამ დაგვიანებული მოთხოვნის იგნორირება მოახდინეს, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეთანხმებული მოქმედება იყო, რაც კიდევ ერთი ძალიან მძიმე და სიმპტომატური ნაბიჯია ქართული დემოკრატიისთვის დღევანდელი ხელისუფლების და მათი ნების შემსრულებელი პირების მხრიდან" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში "ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა". წინასწარი დასკვნებით, "ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის". ანგარიშში წერია, რომ "კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციული დაშინების გამო". საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ "სამწუხაროდ, პირველსა და მეორე ტურს შორის მოიმატა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებმა". ანგარიშში ასევე წერია, რომ "კენჭისყრის დღეს, ბევრ შემთხვევაში, კოორდინატორებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები და ცდილობდნენ ზემოქმედება მოეხდინათ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველზე".

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ანგარიში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთობლივად მოამზადეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის 59.52%-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

კომენტარები