ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ევროპის ქალაქებში შექმნილი უბნებიდან არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. პირველი ტურის მსგავსად, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ევროპის ქვეყნების უმეტესობაში კვლავ დამარცხდა, მათ შორის, საფრანგეთში - სადაც დაიბადა და გაიზარდა.
საფრანგეთში, პარიზში შექმნილ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 129 ამომრჩევლის ხმა მიიღო, "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 132-ის.
ამასთან, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ესპანეთში, ესტონეთში, ირლანდიაში, კვიპროსში, მოლდოვაში, ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, შვედეთში, საბერძნეთში (ექვსივე უბანი), შვეიცარიასა და ნორვეგიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთში, დანიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში იგებს.
ბოლო მონაცემებით, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენების 99.92% დათვალა. საქართველოს პრეზიდენტი ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მას მხარი ამომრჩევლის 59.54%-მა დაუჭირა.
გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ სამ ოლქში გაიმარჯვა - თელავის, რუსთავის და საზღვარგარეთის.





