შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა მისცა "ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და ხვალინდელ დღეს".
მინისტრის შეფასებით, "წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით.“
კითხვას, რომელიც პოლიციის მობილიზებას უკავშირდებოდა, გიორგი
გახარიამ უპასუხა, რომ მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან საჭიროების მიხედვით.
"ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს" - თქვა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.





