არჩევნები 2018

ცესკო სპეცსიებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს ის გაყალბების მიზნით სპეცსიებს ამუშავებს. 

გაერთიანებული ოპოზიციიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეციალური სიები, რომელიც პირველ ტურთან შედარებით 1329 ადამიანით არის გაზრდილი. 

"სპეცსიებში შეყვანილია პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და პრაქტიკულად შეცვალონ შედეგები, რომლებიც პირველ ტურში იყო. პირველ ტურში ამ სპეცსიებში სულ 500-მდე მოსამსახურე ეწერა. პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ამ ოლქში მოუგო დიდი უპირატესობით, სწორედ ამიტომ, ცესკო-მ გადაწყვიტა სამგორის ოლქი დააბალანსოს უფრო კონტროლირებადი ხმებით და პრაქტიკულად ამ სპეცხმებით ცდილობს, საარჩევნო მანიპულირება მოახდინონ ოლქის საბოლოო შედეგებზე", - ამბობდა ბეჟაშვილი.

ცესკოს პრესსპიკერმა ბეჟაშვილს ბრიფინგზე უპასუხა და თქვა, რომ სიებში ცვლილება იმ ადამიანებისთვის შედის, ვინც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს ხმა რეგისტრირებულ მისამართზე, რის შემდეგაც კეთდება ჩანაწერი და მოქალაქე ხმას ორ ადგილას ვერ მისცემს.

"კანონმდებლობის თანახმად, მონაცემებს იმ პრების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაციას გადმოსცემენ შესაბამისი უწყებები. ძირითად სიაში ანუ იქ, სადაც იმყოფებიან ეს პირები და არიან რეგისტრირებულები, კეთდება სპეციალური ჩანაწერი, სადაც არის მითითებული, რომ აღნიშნული პირები არიან გადაყვანილი სპეციალურ სიაში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქე არჩევნებში იღებს მონაწილეობას მხოლოდ ერთხელ,“ - თქვა ანი მიქელაძემ.

მისივე თქმით საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, სად მისცემს ამომრჩეველი ხმას.

კომენტარები