რუსული ოკუპაცია

Washington Post: რუსეთი დასავლეთის სანქციებს თავს ოკუპირებული ცხინვალის საშუალებით არიდებს

Washington Post

კავკასიის მთებში მდებარე იზოლირებული, ომგამოვლილი ტერიტორიები რუსეთისთვის ფინანსური მაქინაციების ადგილად იქცა. 

გამოძიება Washington Post-მა ჩაატარა

კრემლს წლებია, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრორუსული სეპარატისტული ქვეყნების წარმომადგენლები ჰყავს. მოსკოვის მიზანი ასეთია - აღადგინოს რუსეთის გავლენა რეგიონზე და შეაჩეროს მისი ქვეყნების დასავლეთისკენ სვლა. 

ოკუპირებულ რეგიონები რუსეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, რომ ზოგიერთი მათგანი ახლა ერთმანეთს რუსეთის კანონს მიღმა ფინანსური სისტემით უკავშირდება, რომლითაც რუსეთი საერთაშორისო სანქციებს თავს არიდებს. 

ვაშინგტონ პოსტის გამოძიების მიხედვით, რომელიც მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერებთან ინტერვიუებსაც მოიცავს, ირკვევა, რომ ფარული ფინანსური ქსელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონზე გადის. 

გამოცემა წერს, რომ ქსელი ევროკავშირის, ამერიკისა და სხვათა მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ბარიერების გვერდის ავლით მუშაობს და რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში ბიზნესის წარმოების შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებს. 

აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების - კრემლის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკუპირებული რეგიონის - ე.წ მმართველი ფიგურები ფულს ე.წ სამხრეთ ოსეთში რიცხავენ. ეს თანხები რუსეთისთვის არის განკუთვნილი და შემდგომში გამოიყენება ნავთობისა და სამშენებლო მასალებისთვის, რომელიც შემდგომში რუსეთიდან პირდაპირ აღმოსავლეთ უკრაინაში იგზავნება. 

შეთანხმება პირიქითაც მუშაობს - სეპარატისტული ტერიტორიებიდან რუსეთში გასაყიდი საექსპორტო საქონელიც შედის. მხოლოდ 2018 წელს, ამ ქსელით 150$ მილიონი გადაირიცხა. 

ე.წ სამხრეთ ოსეთის საგადასახადო ორგანომ ვაშინგტონ პოსტს მიაწოდა სეპარატისტულ აღმოსავლეთ უკრაინაში დარეგისტრირებული კომპანიების სია - მათი რიცხვი 146-ია. მათ შორის ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი კომპანია Republican Fuel Co-ა, რომელიც გაზგასამართი ს
ფოტო: Washington Post


2018 წლის პირველი შვიდი თვის მანძილზე 80,000$-იანი გადასახადი იმას მიანიშნებს, რომ კომპანიამ ნავთობის იმპორტი რუსეთიდან განახორციელა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით გადაიხადა.

"შესაძლოა, ვიღაცის გადმოსახედიდან ეს არასწორია, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ ლეგალურად ვმოქმედებთ", - უთხრა ვაშინგტონ პოსტს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ვაჭრობისა და წარმოების საბჭოს უფროსის მოადგილემ. 

ვაშინგტონ პოსტის შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საფუძველია. ვლადიმერ პუტინისთვის შავი ზღვის რეგიონი ერთ-ერთი "სივრცეა", რომელსაც ის დასავლეთის მიერ ხელყოფილად აღიქვამს. 

გამოცემა წერს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა NATO-სთან თანამშრომლობენ და ამჟღავნებენ მისწრაფებას, მომავალში ალიანსის წევრები გახდნენ. 

რუსეთისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ-სას, სულ მცირე, 10-ჯერ მაინც ჩამორჩება, რთულია დასავლეთთან ეკონომიკური კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დიდი ბირთვული არსენალი აქვს და მილიტარისტული ექსპანსია მის გლობალურ ამბიციად რჩება. ეკონომიკური შეუსაბამობა აჩვენებს, რომ დასავლეთის სანქციებს გავლენა აქვს, რაც რუსეთს აიძულებს, იყოს ზომიერი და ამავდროულად კრეატიული მათთვის გვერდის ავლით მუშაობისას. 

როგორც ვაშინგტონ პოსტს იურისტებმა, ბიზნესმენებმა და თანამდებობის პირებმა კონფიდენციალურად უთხრეს, სქემა სამკუთხედის პრინციპით მუშაობს. 


ფოტო: Washington Post
ნაბიჯი 1:

  • ნებისმიერ დროს, როდესაც სეპარატისტულ რეგიონში ვინმეს რუსულ კომპანიაში ფულის გადარიცხვა ან რუსული კომპანიიდან ფულის მიღება სურს, ამას International Settlements Bank in South Ossetia-ის (საერთაშორისო განსახლების ბანკი სამხრეთ ოსეთში) საშუალებით აკეთებს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს და ამით მათ ოფიციალური საბანკო ურთიერთობის უფლება ენიჭებათ. 

ნაბიჯი 2:

  • ფული პირდაპირ რუსეთში იგზავნება (რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ეს რუსულ ბანკებს ამ ოკუპირებულ რეგიონში ფულის გადარიცხვის ან მიღების უფლებას აძლევს). 

ნაბიჯი 3:

  • საქონელი, რომლის შეძენაც ტრანსფერით გადარიცხული ფულით ხდება ( ნავთობის, სამშენებლო მასალის და საკვების ჩათვლით) აღმოსავლეთ უკრაინაში იგზავნება, უმეტესად სატვირთო მანქანით რუსეთის და უკრაინის საერთ საზღვრის გავლით. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით ფულის და საქონლის თავისუფალი მიმოსვლა რუსეთს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს დასავლეთის სანქციებს და მკაცრ კრიტიკას, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას ოფიციალურად აღიარებდა. 

რუსეთი სეპარატისტულ რეგიონში დახმარებას პირდაპირ აგზავნის და ამას საერთაშორისო მონიტორებიც აკვირდებიან. თუმცა, მონიტორების დრონებმა შენიშნეს სატვირთო მანქანებიც, რომლებიც რუსეთიდან სეპარატისტულ ტერიტორიაზე ღამით შედიან და ოფიციალურ საზღვარს თავს არიდებენ. 

დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი მხარს უჭერს მეამბოხეებს, მათ ჯარისკაცებით და იარაღით ამარაგებს და ლოჯისტიკაში ეხმარება. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი ამას უარყოფს. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ფინანსური ქსელი მეტად ფორმალურია. ის სათავეს 2015 წლიდან იღებს - ამ წელს ე.წ "საერთაშორისო განსახლების ბანკი სამხრეთ ოსეთში" ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე გაიხსნა. ამავდროულად, მოსკოვში ჩამოყალიბდა სხვა ფინანსური ორგანიზაცია დაახლოებით იმავე სახელით - "საერთაშორისო განსახლების ცენტრი". მან საბანკო ლიცენზია 2016 წელს მიიღო. მისმა ხელმძღვანელმა, ვიაჩისლავ მაზურინმა კი 1981 წელს KGB -ის - ჯაშუშობის სკოლა დაამთავრა 

ოფიციალურად, ეს ორი საფინანსო ინსტიტუტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუმცა, როგორც ვაშინგტონ პოსტს უთხრეს, ისინი დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდების ხერხემალს წარმოადგენენ მოსკოვსა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონს შორის. 

"ჩვენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის გავლით შეგვიძლია ვაჭრობა და ამას წარმატებით ვაკეთებთ. ისინი ხელს აწერენ კონტრაქტებს ოსეთთან, ოსეთი - ჩვენთან, ასე ვიღებთ სამკუთხედს", - უთხრა ვაშინგტონ პოსტს ზახარ პრილეპინმა, რუსმა ნაციონალისტმა მწერალმა, რომელიც დონეცკის სეპარატისტული მთავრობის მრჩევლად 2018 წლამდე მუშაობდა. 

კომენტარები