არჩევნები 2018

სააკაშვილი: 15 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული

15 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოახდინა ნამდვილი სასწაული. ყველას ეგონა, რომ შევარდნაძე დაუმარცხებელი იყო, რომ სისტემა იყო მუდმივი და ქვეყანას წარმატების მიღწევის და წინსვლის არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა. მაშინ ხალხმა ამ უიმედობას ხაზი გადაუსვა და ქვეყანა გაათავისუფლა.

ვარდების რევოლუციამ საქართველო მყარად დააბრუნა მსოფლიო რუკაზე. საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, საქართველომ დაიწყო წინსვლა, ქართველებმა დაიწყეს ქვეყანაში დაბრუნება. უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. გაკეთდა ბევრი რამ, -ახალი ქალაქები აშენდა. საქართველომ ირწმუნა თავის საკუთარი ძალა.

ახლა, 15 წლის თავზე გვაქვს დიდი გამოწვევა. საქართველოს ისევ მოაჯდა ურჩხული. ისევ შევარდანაძის ბევრი ძველი კადრი, ძველი სისტემა დაბრუნდა. ისევ მიგვათრევენ 90-იანებში და კიდევ უფრო უკან. ზუსტად ვიცი, ჩვენი ხალხი ახლაც დაანახებს მსოფლიოს საკუთარ თავმოყვარეობას, ღირსებასა და ყველას მართლაც განაცვიფრებს. საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა. მწამს, ქართველი ხალხის, ჩვენი ბრძოლისუნარიანობის და გამძლეობის, ჩვენი გადარჩენის ინსტინქტის, ჩვენი გამარჯვებიკენ სწრაფვის. წმინდა გიორგი იყოს ამ ყველაფერში ჩვენი მფარველი. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ პრობლემებსაც. საქართველოს ყველაფერი გამოუვა, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა! დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები