არჩევნები 2018

გოცირიძე: მილიარდნახევარზე საუბარი ბლეფია, უიმედო სესხებს ყოველწლიურად ისედაც აწერენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების განულებაზე პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება ამომრჩევლის მოსყიდვაა, ხოლო მილიარდნახევრის ჩამოწერა - ბლეფი. მისი თქმით, უიმედო ვალებს კომერციული ბანკები ყოველწლიურად ისედაც ანულებდნენ.

"გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს, ვინმემ გაიგო?

საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი ჩამოაწერეს. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა" - წერს გოცირიძე Facebook-ში და კითხულობს რომელი დაპირება შესრულდა:

  • 600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი?
  • 500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი?
  • ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი?
  • 120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა?

"ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია. 
პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს? კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა? პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ. როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს" - წერს გოცირიძე.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები