არჩევნები 2018

ვაშაძე ჭარბვალიანობაზე: ჩვენი იდეა წაიღო "ოცნებამ", პოზიტივს ვხედავ ამაში - გავიმარჯვეთ

ჯერ ერთი, რომ ეს არის ჩვენი იდეა, მეორე, რომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ, ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ახლა ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ, რომ ყველაფერზე თანახმა არიან. მაგრამ მე მაინც პოზიტიურად ვუყურებ ერთ რამეს, პოზიტივს ვხედავ - გავიმარჯვეთ...

ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ყველაფერი დავუფაროთ აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, ჩვენ ვამბობთ, რომ "ეს კაცი დავაყენოთ ფეხზე", რომ ამ ადამიანმა შექმნას ეკონომიკა. როგორ? ამოვიღოთ შავი სივიდან, გამოვუცხადოთ მორატორიუმი გარკვეული პერიოდი ვალების გადახდასთან დაკავშირებით და სახელმწიფო შევიდეს ვალდებულებებით...

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, ეს არის პროცენტების შემდგომი კლება, სამომავლო კლება და აქაც ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთები

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გადაცემაში "კვირის აქცენტები". ცნობისთვის, პრემიერი მამუკა ბახტაძე საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დღეს წარადგენს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".

კომენტარები