არჩევნები 2018

ვაშაძე: შავ სიაში მყოფ ადამიანებს მთავრობამ ვალები ჩამოაწეროს, დაფაროს სახელმწიფომ

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს.

ვაშაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს დარწმუნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

"ასე მძიმედ საქართველოს მოქალაქე ალბათ არასდროს ყოფილა. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მიერ შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან  მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ - ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლებამ უნდა ჩამოაწეროს ვალდებულებები, ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში", - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი დღემდე ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავის სრული ამნისტიის შესახებ. ეროვნულ ბანკს კი ვაშაძე მოუწოდებს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების "გადაქცევა მევახშეებიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად, რომელიც ეკონომიკას აძლევენ განვითარების სტიმულს".

"ეს თუ არ გაკეთდა საქართველოს მოქალაქესთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დღესვე, ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის სამ ბანკთან საპროტესტო აქციები გამართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, 17 ნოემბერს, ბანკებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტის თქმით, სამი ბანკი ინაწილებს ქართველების მთელ შემოსავალს და "ართმევენ ქართველებს პერსპექტივას". სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ​საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საბანკო დავალიანებებით და ეს არის "უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომლებსაც სათავეში უდგას ივანიშვილი". ექსპრეზიდენტმა "უსამართლო საურავების" გაუქმების შესახებ მათი პროგრამის შესახებაც ისაუბრა.

კომენტარები