ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პოლიტიკა/პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მთავარი პრინციპები უცვლელი დარჩება.
"ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პოლიტიკა/პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ დებულების მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, რაც დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა)." - წერია განცხადებაში.
იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცლილებების მიღება უკვე მეორედ გადავადდა. ცვლილებები ჯერ პირველ ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში, და 15 ნოემბრამდე გადაავადეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რეგულაციები არც 15 ნოემბერს ამოქმედდება და მომავალ წლამდე გადაიდო.
პირველი გადავადების შემდეგ ეროვნულ ბანკში ამბობდნენ, რომ რეგულაციები თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით მარტივდება, თუმცა არ აკონკრეტებდნენ კონკრეტულად რა ნაწილებს შეეხებოდა გამარტივება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით,საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად იცვლება. ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხება, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდება შესაძლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი. შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული.
პარალელურად, დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკაზე ეს ლიმიტი მაქსიმუმ 15-წლიანია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე კი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს. ასევე, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.
ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებოდნენ.





