არჩევნები 2018

პრემიერი უარყოფს, რომ სოციალური მიმართულებით მთავრობის გააქტიურება II ტურს უკავშირდება

ქართული ოცნების პრესსამსახური

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უარყოფს, რომ სოციალური მიმართულებით მთავრობის გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება. მისი თქმით, "ეს არის კიდევ ერთი ძალიან ხელშესახები მცდელობა, რომ ტყუუილი მიიტანონ ჩვენს მოქალაქეებამდე". ბახტაძე დარწმუნებულია, რომ "მოქალაქეების დიდმა ნაწილმა იცის თუ რა იყო ჩვენი ძირითადი აქცენტები, როდესაც წარვადგინეთ ეკონომიკის ახალი გეგმა პარლამენტში". მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდებოდა ზაფხულში.

"არა მგონია, რომ ასეთი მოკლე მეხსიერება ჰქონდეთ ჩვენს ოპონენტებს. შესაბამისად, ეს არის ტყუილი, ისევე როგორც არის ტყუილი ბევრი მათი დაპირება.

ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, რომ სოციალური პოლიტიკა შეიცვლებოდა ქვეყანაში და ეს იქნებოდა სისტემური ხასიათის. ასევე, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა შეიძლება გახდეს სისტემური რისკი და ამ მიმართულებით გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს.

რომელ წინასაარჩევნო კამპანიაზეა საუბარი, როდესაც მე პირადად ვსაუბრობდი ჯერ ფინანსთა მინისტრის და შემდეგ უკვე პრემიერმინისტრის რანგში ამ საკითხებზე. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი" - ამბობს ბახტაძე.

მას შემდეგ, რაც მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, “ქართულმა ოცნებამ” ახალი სოციალური პროექტები დააანონსა. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები 15 ნოემბრამდე გადავადდა და მას "გამარტივებული სახით" მიიღებენ. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ. ხოლო სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ფულადი დახმარება 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, არაფულადი კი - 2 წლის.

ასევე, 2019 წლიდან ხელფასები ეზრდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. გარდა ამისა, 2019-2021 წლებში გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ სკოლის დირექტორები, ადმინისტრაციული პერსონალი და მასწავლებლები.

სოციალური მიმართულების გარდა, მას შემდეგ, რაც მეორე ტური გახდა საჭირო, მთავრობამ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გამოიწვია, ხოლო პროკურატურამ - ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარუდგინა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები