ზაზა სარალიძის საქმე

პროკურატურამ სარალიძისთვის გირაოს მოთხოვნა გადაიფიქრა, პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა

ტაბულა

რუსთავში ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის მოსამართლე ქეთევან ლუაშვილია. 

დღეს იმ სხდომის თარიღი უნდა განესაზღვრათ, რომელზეც სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდნენ. 

თუმცა, უწყებამ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა. პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, სარალიძის მიმართ აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. 

სარალიძეს ბრალი 28 ოქტომბერს წარუდგინეს. ამ დღეს საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ "აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვს და გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს". 

"მოხდა მტკიცებულებების შეფასება. ამ ეტაპზე არ არსებობს [აღკვეთის ღონისძიების დაყენების] საფუძველი, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი. მივმართეთ სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით", - თქვა პროკურორმა

დღესვე განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ - ის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

სარალიძეს ბრალი 26 ოქტომბერს, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ინციდენტი, რისთვისაც სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები