ჯონ ბოლტონი

ბოლტონი ბოლსონაროზე: ტირანიის ტროიკას, როგორც იქნა, შესაფერისი მოწინააღმდეგე ჰყავს

ჯონ ბოლტონი
AFP

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით ბრაზილიის პრეზიდენტად ულტრა-მემარჯვენე ჟაირ ბოლსონაროს არჩევა პოზიტიური ნიშანია ლათინური ამერიკისათვის. ბოლტონმა კუბას, ვენესუელასა და ნიკარაგუას "ტირანიის ტროიკა" უწოდა და ვენესუელასა და კუბას წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. აქციები ვენესუელას ოქროს ბაზარს და კუბას სამხედრო და სადაზვერვო ძალებს შეეხება.

"მსგავსად მოაზროვნე ლიდერების არჩევა საკვანძო ქვეყნებში, მათ შორის ივან დუკეს კოლუმბიაში და გასულ კვირას ჟაირ ბოლსონაროს ბრაზილიაში რეგიონის მომავლისათვის პოზიტიური ნიშანია. ეს აჩვენებს მზარდ რეგიონულ მზაობას თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების, ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მთავრობისადმი. დღეს ამ ნახევარსფეროში დესტრუქციული ძალების, სოციალიზმის და ტოტალიტარიზმის წინაშე ვდგავართ. ამ ადმინისტრაციის პირობებში აღარ შევიწყნარებთ დიქრატორებს და დესპოტებს ჩვენს ნაპირებთან. ჩვენ არ დავაჯილდოვებთ სადამსჯელო ჯგუფებს, მწამებლებსა და მკვლელებს. ტირანიის ტროიკას ამ ჰემისფეროში - კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას - როგორც იქნა, შესაფერისი მოწინააღმდეგე ჰყავს." თქვა ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში მადუროს რეჟიმის პირობებში ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ნიკარაგუაში ასობით ადამიანი ქვეყნის ლიდერის, დანიელ ორტეგას წინაარმდეგ საპროტესტო გამოსვლებისას მოკლეს. კუბას პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ თანამდებობა დათმო, თუმცა კუნძულს კვლავ კომუნისტური პარტია მართავს.

ჟაირ ბოლსონარომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 55,2% მიიღო და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.

ბოლსონარო, 63 წლის ყოფილი სამხედრო კაპიტანი 1980 წლიდან სამხედროების უფლებებს იცავს. ის სოციალ-ლიბერალების პარტიას წარმოადგენს და მხარს უჭერს იარაღზე კონტროლის კანონების შემსუბუქებას, სიკვდილით დასჯის შემოღებას და აბორტის აკრძალვას.

ის ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი და მისთვის "ბრაზილიელი ტრამპიც" უწოდებიათ რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამების გამო.

ბოლსონარო აპირებს აშშ-სა და გვატემალას შეუერთდეს და ისრაელში ბრაზილიის საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს:

"როგორც კამპანიის დროს ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ გადავიტანოთ ბრაზილიის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში. ისრაელი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამას პატივს ვცემთ." დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

კომენტარები