ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ზეარისი" არჩევნების მეორე ტურისთვის "ახსნა-განმარტებით სამუშაოებს" იწყებს. კომპანიის დამფუძნებლის გოჩა ფიფიას განცხადებით, "ზეარისში" 100-მდე ადამიანი მუშაობს და ისინი შეთანხმდნენ, რომ "სიჩუმე და უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია". მისი თქმით, იმუშავებენ იმისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვოს.
"შევთანხმდით, დროებით დავკეტოთ ჩვენი ოფისები, იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები გავიშალოთ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ ვაწარმოოთ ახსნა-განმარტებითი სამუშაოებიც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და გამოუცდელობას შორის, მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის, თავისუფლებასა და მოჩვენებით თავისუფლებას, სინამდვილეში კი, ავტორიტაზმს შორის, საბოტაჟსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის" - განაცხადა ფიფიამ.
მისი თქმით, სამ დღეში, თავიანთი სახსრებით დაიწყებენ "ამ სამუშაოებს, რაღა არასდროს განმეორდეს საქართველოში ნაციზმი და რეჟიმი, რომელიც საქართველოს უქადის ფიზიკურ განადგურებასაც კი". გოჩა ფიფიამ ხელისუფლებასაც მიმართა, რომ "ქართველი ხალხი ორი წლის განმავლობაში მთელი გულისყურით დააკვირდება და ზედამხედველობას განახორციელებს მათ საქმიანობაზე".
"საუბარია იმ განცდილზე, იმ ბოროტებაზე, რომელიც ჩვენ ერთხელ უნდა ვნახეთ, ვიგემეთ, ვიგრძენით, შედარება გახლავთ ასეთი - შევადაროთ განზრახ მკვლელობა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა ერთმანეთს.
მოწყვეტილია ხალხი რეალობას. ამიტომაც, ვალდებულად მიმაჩნია, მომვალე ვარ, მეც ჩავიდე და შევიტანო ჩემი წვლილი, დავანახო ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, თანაქალაქელებს, თანასოფლელებს შავი და თეთრი. თეთრიც არ ბრწყინავს, მაგრამ კონტრასტი ასეთია" - განაცხადა ფიფიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ "ზეარისი" ამჟამად შალვა რამიშვილის ონლაინგადაცემის, "პიანი ბაზრის"სპონსორია. მისი დამფუძნებელი გოჩა ფიფია 1996-2003 წლებში შ.პ.ს. „უშბას“ გენერალური დირექტორი იყო.
გოჩა ფიფია 2004 წელს საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში, ზუგდიდის მაჟორიტარად აირჩიეს (საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფის წევრი).





