არჩევნები 2018

კობახიძე ამომრჩევლის მობილიზებაზე: ყველაფერი ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იგებს.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა წყაროთი მოპოვებული მონაცემები, მათ შორის მუშაობს ჩვენი საარჩევნო სამსახური, ასევე ვეყრდნობით სხვა შედეგებს და მონაცემებს, რომელსაც ვაგროვებთ. ამის საფუძველზე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპისთვის სალომე ზურაბიშვილს აქვს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი.

ბიულეტენიდან ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელმაც გამოფინა ფიქტიური თუ ფაქტიური ბიულეტენი ავღანეთიდან. სააკაშვილისგან განსხვავებით ჩვენ ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ და ხმის ფარულობის პრინციპს არ ვარღევთ. ეს არის ძალიან მყარი პრინციპი, რომელსაც მისდევს ქართული ოცნება. ჩვენ გვაქვს მონაცემები და როგორც მოგეხსენებათ წინა არჩევნებიდან, ეს მონაცემები არ ტყუის ხოლმე." თქვა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა გამოვლენილ დარღვევებზე და თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციების გარდა მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ფიქსირდება:

"არის კონკრეტული პროვოკაციები, მათ შორის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აღრიცხავენ არჩევნებზე გამოცხადებას, რაც არის კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებული ქმედება. იყო ჩვენი აქტივისტების უფრო მძიმე პროვოკაციაზე წამოგების მცდელობა, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ აქტივისტები ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებენ და ისინი არ ყვებიან იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ახორციელებენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები." თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტების ქმედებები კანონის და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ჯდება:

"არსებობს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები და არსებობს კონკრეტული მეთოდები რომლითაც ხდება ამომრჩევლის მობილიზება არა მხოლოდ საქართველოში, არამდეც სხვა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანებში. კარდაკარში ჩვენ ამერიკელი მეგობრებისაგან გვაქვს გავლილი ტრენინგი. კარდაკარის საფუძველზე გროვდება მონაცემები, მათ შორის სატელეფონო ნომრები და ამის საფუძველზე ხდება ამომრჩევლების მობილიზება. ყველაფერი ხორციელდება არამარტო კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად."

მისივე თქმით არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობდნენ:

"ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ კონკრეტული ფაქტები, თუმცა ამას გადამოწმების შემდეგ გავაკეთებთ, როცა ნაცმოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ასეთ ქმედებებს. ამას სჭირდება გადამოწმება, თუმცა ასეთი წინასწარი მონაცემები არსებობს. ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის სრული დაცვით."

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უბანზე ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა გამოვლინდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისიდან და რეგიონებიდან ატყობინებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მარნეულის სოფელ სადახლოში "კარუსელის" ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო საბერძნეთში, სალონიკის ერთ-ერთ უბანზე თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა და სიიდან მისი სახელი გადახაზა.

კომენტარები