არჩევნები 2018

ვაშაძე: არჩევნებში ვიმარჯვებთ, ფანტასტიკური მხარდაჭერა და განწყობაა ყველა ჩვენი მოქალაქის

ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ფანტასტიკური მხარდაჭერა და განწყობაა ყველა ჩვენი მოქალაქის, სადაც არ უნდა შევხვდეთ მათ- ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა.

ვაშაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს. 

"ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის და ყველას ვისაც აინტერესებს თავისი სამშობლოს ბედი, ყველას შეუძლია ნახოს.

უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით",- ამბობს ვაშაძე. 

მან კომისიის წევრებსაც მიმართა. ვაშაძის თქმით, "ძალა ერთობაშია" ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. 

"მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს - მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად. ხელისუფლება 5- იდან 8 საათამდე გეგმავს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, სწორედ ამიტომ მივმართავ მხარდამჭერებს, არ მოდუნდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი",- ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები