ნარჩების მართვა

CENN: ნარჩენების სეპარაციის სტენდი ექსპლუატაციაში შესული არ ყოფილა, ის დააზიანეს

იმედი

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი აცხადებს, რომ ნარჩენების სეპარაციის სტენდი ჯერ ექსპლუატაციაში შესული არ არის, შესაბამისად ის მოქალაქეებს არ უნდა გამოეყენებინათ. 

საქმე 19 ოქტომბერს მოქალაქის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება, რომელშიც ჩანდა, რომ მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან მდგარ სტენდში ურნები არ იდგა და შესაბამისად, ნარჩენები გაუნაწილებლად იყო ჩაყრილი. 

CENN აცხადებს, რომ ექსპლუატაციამდე გამოყენებით სტენდი დააზიანეს. 

"თბილისში ამ ეტაპზე CENN-ის, ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს 13 სეპარაციის სტენდის დადგმა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მოახდინოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

სეპარაციის ეს 13 სტენდი ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში, ამიტომ ყველა სტენდი დალუქულია. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი სტენდის დაზიანებას, რამაც გამოიწვია გაუგებრობა.

სეპარაციის სტენდები ექსპლუატაციაში ნოემბრიდან შევა, რაზეც ინფორმაციას დამატებით მივაწვდით საზოგადოებას. სწორედ ამ პერიოდიდან მოსახლეობა შეძლებს აღნიშნულ 13 სტენდში განათავსოს სეპარირებული ნარჩენები. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ქალაქში უკვე ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს სეპარაციის 10 სტენდი, რომელიც დადგმულია USAID/WMTR II/CENN პროგრამის ფარგლებში.

თითოეულ სტენდში განთავსდება ოთხი კონტეინერი: ქაღალდის, პლასტმასას ბოთლების (PET), ალუმინისა და შუშის ნარჩენის შესაგროვებლად. შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირების შემდეგ ისინი წინასწარ დამუშავდება და გადაცემა შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ. დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს სხვადასხვა მცირე ზომის საწარმო, რომელიც ნარჩენებს ამუშავებს', - აცხადებს ორგანიზაცია. 

კომენტარები