რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი ხაშოგის მკვლელობაზე: მეფე სალმანის მჯერა, მაგრამ დამოუკიდებელი გამოძიება საჭიროა

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით თურქეთი "საზარელ მკვლელობას" ბოლომდე გამოიძიებს და არ გაჩუმდება.

ერდოღანმა ხაშოგის გაუჩინარების შესახებ არსებული ინფორმაცია შეაჯამა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთმა ხაშოგის მკვლელობა აღიარა და 18 ადამიანი დაიჭირა, მათ შორის 15 ის პირები არიან, ვინც თურქეთმა ჩანაწერებში ამოიცნო.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით ახლა გამოსაძიებელია, თუ ვისი ბრძანებით იყო 15 კაციანი ჯგუფი სტამბოლში, რატომ არ შეუშვეს საკონსულოში გამომძიებლები დაუყოვნებლივ, რატომ გაავრცელა საუდის არაბეთმა სხვადასხვა შინაარსის განმარტებები და ვინ არიან ადგილობრივი შეთქმულები, ვინც მათ ხაშოგის გვამის თავიდან მოშორებაში დაეხმარა.

"ეჭვი არ მეპარება მეფე სალმანის გულწრფელობაში. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს პოლიტიკური მკვლელობაა." თქვა ერდოღანმა. მას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი არ უხსენებია.

ერდოღანის მტკიცებით თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ სამხილები, რომლის მიხედვითაც მკვლელობა დაგეგმილი იყო და ვინაიდან ის თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და ხაშოგი საერთაშორისოდ ცნობილი ჟურნალისტია, საერთაშორისო საკითხს წარმოადგენს, რომელსაც თურქეთი ბოლომდე მიჰყვება. მან საუდის არაბეთს ისიც შესთავაზა, რომ დაკავებულები თურქეთში გაასამართლოს, რადგან მკვლელობა მის მიწაზე მოხდა.

ერდოღანმა ვენის კონვენციით საელჩოებისა და საკონსულოებისათვის მინიჭებული იმუნიტეტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მუხლები გადასახედია და გარკვეული შესწორებები უნდა შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯინა ჰასპელი ჩავიდა და სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებაში ჩაერთვება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით ის საუდის არაბეთის განმარტებებით უკმაყოფილოა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარ გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები