კრიმინალი

სატვირთო ავტომობილიდან 4 აკუმულატორის მოპარვისთვის 3 ადამიანი დააკავეს

REUTERS

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატვირთო მანქანიდან აკუმულატორების მოპარვისთვის სამი ადამიანი დააკავეს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სხვა დანაშაულიც აღიარა.

ბრალდებულები არიან: 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი  ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ. ისინი  სამტრედიაში დააკავეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები