თბილისის მერის ინფორმაციით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, ყველა რაიონში და უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი.
„თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ ოფიციალურად მოგვეცა უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, „სითი პარკთან“, რომელიც არღვევდა არსებულ ხელშეკრულებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ყველაფერთან, ხელშეკრულება შევწყვიტეთ. დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს პარკირების მოწესრიგებას ქალაქის მასშტაბით. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმისთვის, რომ პარკირების სისტემა და ზოგადად პარკინგი იყოს მოწესრიგებული.“ -თქვა კალაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური ელექტრომობილებს არ შეეხება. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ეს ინიციატივა ელექტრომობილების მოხმარების წახალისებას უკავშირდება.





