დონალდ ტრამპი

ტრამპი ხაშოგის გაუჩინარებაზე: მეფე სალმანს ვესაუბრე, მასთან პომპეოს ვგზავნი

დონალდ ტრამპი და სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ სტამბოლის საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარებაზე საუდის არაბეთის მეფეს სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდის ესაუბრა და მასთან შესახვედრად სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაგზავნის:

"ახლახან ვესაუბრე საუდის არაბეთის მეფეს, რომელიც "საუდის არაბეთის მოქალაქის" თავს მომხდარის შესახებ რაიმეს ცოდნას უარყოფს. ის ამბობს, რომ თურქეთთან ერთად მუშაობენ პასუხის პოვნაზე. დაუყოვნებლივ ვგზავნი ჩვენს სახელწმიფო მდივანს მეფესთან შესახვედრად!"

დღეს საუდის არაბეთი საკონსულოს შენობაში თურქი გამომძიებლების შეშვებას დათანხმდა.

საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებას იცინის სანქციებით უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. მათი თქმით არსებობს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც საკონსულოში ხაშოგის ცემას, მკვლელობას და გვამის დანაწევრებას ადასტურებს.

საუდის არაბეთი და საკონსულოს წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ.

იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. ამის ამსახველი კადრები თურქულ მედიაშიც გავრცელდა. ამჟამად იკვლევენ მათ კავშირს ხაშოგის გაუჩინერებასთან.

CBS News-თან ინტერვიუში ტრამპმა სტამბოლში თქვა, რომ თუ მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მართალია ეს "საშინელი და ამაზრზენი" იქნებოდა:

"ჩვენ ბოლომდე გამოვიძიებთ და მკაცრი სასჯელი იქნება. ამ დროისათვის ისინი [საუდის არაბეთი] კატეგორიულად უარყოფენ. შეიძლება ეს მათ ჩაედინათ? დიახ." თქვა მან.

თუმცა ტრამპმა საუდის არაბეთის დასასჯელად სამხედრო კონტრაქტის გაუქმება გამორიცხა. მისი თქმით მსგავსი ქმედება ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებში იქნებოდა და საუდის არაბეთის დასასჯელად სხვა გზებიც არსებობს.

კომენტარები