პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში შსს საპოლიციო ჰაბს განათავსებს და ის უფუნქციოდ არ დარჩება.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას პარლამენტის სრულად თბილისში გადასვლის შესახებ, ჩუგოშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა რთულია. მისი თქმით, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა პარლამენტარიზმის და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას ართულებს.
"იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობაზე იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება", - თქვა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის სრულად თბილისში გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პირველმა არხმა გაავრცელა - 2019 წლის იანვრიდან, პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას თბილისში გააგრძელებს.
ქუთაისის შენობა კი შსს-ს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა განსაზღვრული აღარ არის.





