სახელმწიფო და ეკლესია

საია ცესკო-ს სასულიერო პირების ქადაგებებზე სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, სასულიერო პირების წინასაარჩევნო ქადაგებებზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის − სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოზიციას. 

"მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მით უფრო − წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, საკუთარი სტატუსიდან და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცხოვრებაში მათი როლიდან გამომდინარე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კანდიდატის მოსაზრებები მათთვის",-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს რელიგიურ ორგანიზაციას. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).

"შესაბამისად, ქორეპისკოპოს იაკობის მიერ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ქორეპისკოპოს იაკობის მხრიდან მსგავსი ტიპის სავარაუდო კანონდარღვევას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ქორეპისკოპოსის, როგორც ცალკე სასულიერო პირის მიმართვა (ქადაგება) მრევლისადმი არ წარმოადგენდა ეკლესიის სახელით გაკეთებულ განცხადებას. აგრეთვე, სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის ტენდენცია ფიქსირდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შეზღუდვას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს, დაიცვას საარჩევნო პროცესი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ზემოქმედებისაგან. ამის ალბათობა კი დიდია რელიგიური ორგანიზაციების მიმართ მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის.

მივმართავთ:

რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს − თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთებისაგან;

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას − შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, რასაც ამ უკანასკნელმა გადაცემაში - "პირისპირ" უპასუხა და თქვა, რომ არ ესმის ეკლესია ამ დონემდე, რატომ იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ საკითხებში. 

"ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს"- თქვა ზურაბიშვილმა

საქართველოს პატრიარქმა გუშინ სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

"მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს"- წერია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები