თბილისის მერია

მერია: შარტავასა და კოსტავაზე მოძრაობა თავისუფალია, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

შარტავას ქუჩაზე დღეს კახა კალაძეც იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობის გახსნის პირობა შესრულებულია.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ", - თქვა მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

"გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის  საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება", - ამბობს თბილისის მერი.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. 

კომენტარები