იბერია

ბახტაძე ომეგას: თამბაქოს ბიზნესთან ერთად ტელევიზიის ფლობა გადასახადისგან არ გათავისუფლებთ

საქართველოს პარლამენტი

"ის რომ "ომეგა ჯგუფის" აქციონერებს თამბაქოს საწარმოს გარდა აქვს ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ,"- ამბობს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. 

პრემიერმინისტრის თქმით, მისი მთავრობა მედიაპლურალიზმს უფრთხილდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ტელეკომპანიების მფლობელებს გადასახადებისთვის თავის არიდება შეუძლიათ. სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და "იბერიას" მფლობელის ზაზა ოქუაშვილის ფარულ ჩანაწერზე კი ბახტაძე ამბობს, რომ ის "არავინ არ არის ხელშეუხებელი და რომ შესაბამის უწყებებს მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებს."

ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს 2 მილიონი ლარის ქრთამის ნაცავლოდ, ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. ყიფიანი ჩანაწერში ახსენებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს, რომელსაც ამ მოლაპარაკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. საუბრის კიდევ ერთ მონაკვეთში ყიფიანი ოქუაშვილს ფინანსური პრობლემების ტელევიზიაში გაცვლას სთავაზობს. 

ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა უჩა მამაცაშვილმა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ლევან ყიფიანი მისი სახელის გამოყენებით დიდძალი თანხის დაუფლებას ცდილობდა.

"ლეგენდები ჩემი, ე.წ. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არ ახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები ,რომელთაც ამ ლეგენდით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.

გამონაკლისი, არც "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამკამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე,"- ამბობს მამაცაშვილი. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს ამ საუბრის შინაარსით დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

"ამ შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულ საქმეში სიმართლის დასადგენად, ისე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება კორუფციასთან ბრძოლას და რომ დანაშაულის ჩამდენი პირები არ სარგებლობენ დე ფაქტო იმუნიტეტით მიუხედავად მათი პოლიტიკური გავლენისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან მათი კავშირისა. ასევე, ეფექტური გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესის წრეებში არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სახელმწიფოსთან დავის მოგვარების მიზნით მათ არაფორმალურად შეუძლიათ მიმართონ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მასთან დაახლოებული პირებს, რომლებიც მათ არსებულ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან,"- წერია განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ". მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს. 

ტელეკომპანია "იბერიამ" მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

კომენტარები