იბერია

მაჭავარიანი: კეთილი ინებოს "ომეგამ" და ბიუჯეტს ხალხის კუთვნილი ფული დაუბრონს

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, ტელეკომპანია იბერიას მიერ სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე საუბარი სინამდვილეში, ტელეკომპანიის დამფუძნებლის და პარტია პატრიოტთა ალიანსის წევრის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდების მცდელობას ემსახურება. 

7 სექტემბერს იბერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამასთანავე, ტელეკომპანიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრმა ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების მოგვარება შესთავაზა.

"სრული პასუხიმგებლობით მინდა გითხრათ, მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული, კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ თან ისეთი გრაფიკი, რაც მათ მოითხოვეს, არცერთხელ არ შეასრულეს,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ", მას ბიუჯეტის წინაშე 51.7 მილიონის ვალი აქვს დაგროვილი. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტელეკომპანია იბერიამ სახელმწიფო ზეწოლაში დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

“საკუთარი ბიზნესი გამოიყენო ხელისუფლების შანტაჟის იარაღად - ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე”, - თქვა კვირიკაშვილმა.

ვინ არის ზაზა ოქუაშვილი:

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია

ზაზა ოქუაშვილი 1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო, მაშინ მილიონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში აღორძინების სიით შევიდა.

კომენტარები