თბილისის მერიამ, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია. ამასთან, ისინი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა სწავლობდნენ.
განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. მერიის ინფორმაციით, აუცილებელია, რომ განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია სტუდენტმა პირადად წარადგინოს.
დაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
- რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- სამოტივაციო წერილი.
თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ ხდება. სტუდენტები აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სემესტრული სწავლის გადასახადის 50%, 70% ან 100%-ით ფინანსდებიან, სასწავლო გრანტის 2250 ლარის ფარგლებში.

მერიაში აღნიშნავენ, რომ პროგრამის განმახორციელებელი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურია.





