გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები იყო გავრცელებული", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, სადაც თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშები.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ დარგის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული.

მათივე ინფორმაციით, დღეისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივებს სწალობს.

კომენტარები