აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი: ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, ვერ აწარმოებს ბიზნესს აშშ-სთან

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანისათვის 2015 წელს მოხსნილი სანქციების ხელახლა დაწესებას საკუთარ twitter-ზე გამოეხმაურა:

"ირანისათვის სანქციები ოფიციალურად დაწესდა. ეს არის ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი ოდესმე დაწესებულა და ნოემბერში ისინი კიდევ უფრო გამკაცრდება. ვერავინ, ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, ვერ აწარმოებს ბიზნესს აშშ-სთან. მე მოვითხოვ მსოფლიო მშვიდობას და არაფერს ნაკლებს!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის შეთანხმების დატოვების და სანქციების აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის ნაბიჯი "ფსიქოლოგიურ ომად" შეაფასა, რომელიც ირანელი ხალხის დაყოფას ემსახურება.

"ჩვენი სისტემა სტაბილურია, ჩვენ ერთად ვდგავართ." თქვა მან.

 

კომენტარები