წულუკიანი კომისიის სხდომაზე

კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის გამოკითხვა 5 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოკითხვა 5 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. 

უმრავლესობის წევრებს წულუკიანთან კითხვები არ ჰქონდათ, მას ორი კითხვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ დაუსვა.

იცნობდა თუ არა ის მირზა სუბელიანს, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ არა.

მეორე კითხვა კი იყო, ეთანხმებოდა თუ არა იმ განცხადებას, რომელიც მან შოთაძის გადადგომის შესახებ 31 მაისს გააკეთა და კვლავ თვლიდა თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მართალი იყო და არ უნდა გადამდგარიყო, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ხორავას ქუჩის საქმეზე. წულუკიანმა თქვა, რომ ისევ ისე ფიქრობს, როგორც მანამდე და ამ გადმოსახედიდანაც არ ეთანხმება შოთაძის გადადგომის გადაწყვეტილებას. 

31 მაისს, მას შემდეგ რაც ირაკლი შოთაძე გადადგა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც ის შოთაძეს მადლობას უხდიდა და წერდა "მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც." 

კომენტარები