კრიმინალი

მეზვრიშვილი ფოთში მომხდარზე: პოლიციელის მხრიდან განზრახ მკვლელობა გამორიცხულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფოთში გუშინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. მეზვრიშვილის თქმით, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მან დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო პირს და შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, რის შემდეგაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 

“პირველადი ინფორმაცია რაც არის, რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო და ეს დანაშაული არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან  ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. კვალიფიკაციას რაც შეეხება, სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, ანუ როგორც შეგვიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდში დავუდგეთ ამ პოლიციელს მაქსიმუმს გავაკეთებთ. დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე გარკვეული ვადა არსებობს 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს, ეს პროკურატურის კომპეტენციაა,“ - თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

გუშინ გამთენიისას, ფოთში, სამართალდამცველებმა სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე "დაუდგენელ პირს" წაასწრეს. შსს-ს ცნობით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები