მოგზაურობა

10 რჩევა, რომლებიც მოგზაურობამდე უნდა გაითვალისწინოთ

გამორჩეულად ცხელ ზაფხულში ადამიანებს მოტივაცია ემატებათ, რომ შვებულება სწრაფად დაგეგმონ. ზოგს გული მთისკენ მიუწევს, ზოგსაც ზღვისკენ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. დანიშნულების ადგილისდა მიუხედავად, თუკი დასვენებისთვის საჭირო თუნდაც მცირე თანხის დაზოგვას შეძლებთ, წინ კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა - შვებულების სწორად დაგეგმვა.

გთავაზობთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავენ: 

  • შეაგროვეთ საჭირო დოკუმენტები და შეადგინეთ იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც წასვლას ისურვებდით - ნუ დაიზარებთ იმ ქვეყანაზე ინფორმაციის მოძიებას, სადაც გამგზავრებას აპირებთ. ჰკითხეთ ნაცნობებს, გადაავლეთ თვალი ინტერნეტს, შეამოწმეთ სამოგზაურო ფორუმები და კრიმინალის დონე. ეს უცხო ქვეყანაში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. წინასწარ დაჯავშნეთ ბილეთები, რაც ასევე ფულს დაგიზოგავთ. წინასწარ მოინიშნეთ სასურველი მუზეუმები, მონუმენტები და სხვა გასართობი და საინტერესო ადგილები, რომლებიც იმ ქალაქში ან მის გარეუბანშია, სადაც დარჩენას გადაწყვეტთ. ასევე, წინასწარ შეარჩიეთ ის ობიექტები, სადაც დასვენებას და ვახშმობას შეძლებთ, მენიუსა და ფასების გათვალისწინებით, რადგან სხვა შემთხვევაში თქვენთვის მისაღები რესტორნის ძიებაში შეიძლება ძალიან ბევრი დრო დაგეხარჯოთ, ვერც გემრიელად ჭამოთ და ძვირიც გადაიხადოთ.

  • დაიწყეთ დასარჩენი ადგილების მოძიება და მათი დაჯავშნა - თუკი ლიმიტირებული ბიუჯეტი გაქვთ, ცხადია, სასურველია, საცხოვრებელში რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოთ, იმისთვის, რომ უფრო მეტი დაგრჩეთ გემრიელი საკვების და სასმელის დასაგემოვნებლად და სასურველი ადგილების სანახავად. გამოცდილი მოგზაურების თქმით, თუ ტურის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილის ნახვაა, მაშინ სასტუმროში ან ბინაში ისედაც ძალიან ცოტა დროს გაატარებთ, ამიტომ სტრატეგიაც ამის შესაბამისად უნდა განსაზღვროთ. დაჯავშნეთ რაც შეიძლება ადრე, ასე კიდევ უფრო მეტს დაზოგავთ, შეარჩიეთ დაბალფასიანი ადგილები, რომლებიც ამავდროულად უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება. ინტერნეტით დაჯავშნისას, აუცილებლად წაიკითხეთ სხვა მომხმარებლების გამოცდილება სასტუმროს თუ ბინის შესახებ. ასევე შეამოწმეთ საცხოვრებლის რეიტინგი - ამით მოულოდნელ ცუდ "სიურპრიზებს" თავიდან აიცილებთ.

  • შეადგინეთ წასაღები ნივთების სია - აიღეთ პატარა ფურცელი და ჩამოწერეთ: თავდაპირველად - ყველაზე აუცილებელი (საბუთები, ფული, ჰიგიენური საშუალებები), შემდეგ - ყოველდღიური ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სასიამოვნო წვრილმანებზე, რომლებიც გსურთ ხელთ გქონდეთ დასვენების დროს. თან წასაღები ნივთები განსაკუთრებული საჭიროების და მინიმალური რაოდენობის უნდა იყოს. ასე ნაკლებს დახარჯავთ, გარდა ამისა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისას მცირე ზომის ჩანთა გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია.გაითვალისწინეთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი შვებულება. ზედმეტი ნივთები დისკომფორტს შეგიქმნით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენების დროს დაგჭირდებათ თავისუფალი, მოხერხებული, მინიმალისტური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ: შორტები, საზაფხულო კაბები და სხვა. ცხადია, ლამაზი ტანსაცმელიც თან უნდა გქონდეთ, მაგრამ მთელი გარდერობი შვებულებაში არ დაგჭირდებათ.

  • ყველაფრის წაღება რომ შევძლოთ, ნივთები აუცილებლად სწორად უნდა ჩავალაგოთ. მაგ: ნუ დაკეცავთ სამოსს, გადაახვიეთ და ისე ჩადეთ; გამოიყენეთ ვაკუუმის ჩანთები, მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ჟაკეტები, ბავშვის ტანსაცმელი, მაისურები და ა.შ; არ წაიღოთ თან ქოლგა, უმჯობესია საწვიმარი. წაიღეთ მცირე ზომის კოსმეტიკა. მცირე ზომის ნივთები შეინახეთ სწორად (შეგიძლიათ, წინდები, ფლეშ-მეხსიერების ბარათები, თმის სარჭები და სხვა პატარა ზომის ნივთები მოათავსოთ ფეხსაცმელში, ჩანთის გარე ჯიბეებში, კოსმეტიკის ჩანთაში და ა.შ. ასე ბევრ ადგილს დაზოგავთ). თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ, შეთანხმებულად ჩაამატეთ ბარგში ისეთი ნივთები, რომელთა მათთან გაზიარებასაც შეძლებთ. შამპუნი, თმის უთო და ა.შ. ამ გზით ორივე თქვენგანი გაიორმაგებს მოგზაურობაში ხელმისაწვდომი ნივთების სიას.  
  • ჩაიწერეთ სმარტფონში სამოგზაურო აპლიკაციები - მაგალითად, offline რუკები, იმ კომპანიების APP-ები, რითაც აპირებთ სარგებლობას (ავიაკომპანია, ავტობუსი, Booking.com და სხვ), იმ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მობილური ვერსია, სადაც მიდიხართ. არ დაგავიწყდეთ ინტერნეტბანკის აპლიკაციაც. ეს მოგზაურობას უფრო გაგიადვილებთ.
  • იქონიეთ ნაღდი ფულიც. მესაზღვრეს უფლება აქვს, გკითხოთ მიგაქვთ თუ არა მოგზაურობისთვის საკმარისი თანხა. ევროკავშირის ქვეყნებში სასაზღვრო კონტროლის გავლისას ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი აუცილებლად უნდა გვქონდეს. უმეტეს შემთხვევაში, მესაზღვრე ამას არ გვთხოვს, მაგრამ თუ ის ჩვენი თანხის ოდენობით დაინტერესდება, ვალდებულნი ვართ, დავარწმუნოთ, რომ საკმარისი თანხა გვაქვს. როცა ნაღდი ფულით მოგზაურობთ, დაზღვეულები ხართ ისეთი გაუთვალისწინებელი ინციდენტებისგან, როგორიცაა ბარათის დაკარგვა, ბანკომატის გაუმართაობა და სხვა.

  • ძილი - მგზავრობისას თუ ადგილზე ჩასვლის შემდეგ სასურველია ყოველ ღამით 7-8 საათი იძინოთ; თუ მასპინძელ ქვეყანაში ახალ დროსთან შეგუება გიწევთ, შეეცადეთ პირველ დღეს სამშობლოში შეჩვეული რეჟიმიდან არ ამოვარდეთ და დროის ახალ ზონას მოერგოთ, მომდევნო დღეებისთვის ეს ბიოლოგიური საათისთვის სიგნალი იქნება. გამოძინებული ენერგიაზე იქნებით და მეტად მხიარულად გაატარებთ დროს. 
  • შოპინგი - საყიდლებზე სიარულის გარეშე მოგზაურობა წარმოუდგენელია, თუმცა ზედმეტი ნუ მოგივათ! საზღვარგარეთ მოგზაურობისას სჯობს შეიძინოთ რაიმე უცხო, ეგზოტიკური და არა ის, რაც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ნივთების ძებნას ნუ გადაჰყვებით; უმჯობესია, მეტი დრო დაიტოვოთ უცხო ქვეყნების დასათვალიერებლად. არ დაივიწყოთ ფოტოაპარატის წაღება (თუკი თქვენი სმარტფონი მას ვერ ცვლის), თორემ ძალიან დაგწყდებათ გული, თუ სამახსოვრო ხარისხიანი ფოტოები არ დაგრჩებათ. 
  • ერიდეთ თაღლითებს - იცოდეთ, რომ მათთვის ტურისტები ყველაზე ადვილად მოსატყუებლები არიან. მაგალითად, შეიძლება, მეტროში ან მუზეუმში ბილეთი უფრო დაბალ ფასად შემოგთავაზონ, ვიდრე სინამდვილეში ღირს, შემდეგ კი დარწმუნდეთ, რომ ის ყალბია. ხშირია შემთხვევები, როდესაც უფასოდ გთავაზობენ სუვენირს ან ყვავილს, შემდეგ კი, ფულს გთხოვენ. ნახეთ 19 ხრიკი, რომელსაც შესაძლოა, მოგზაურობისას წააწყდეთ.
  • გაუფრთხილდით პირად ნივთებს - იცოდეთ, რომ თუნდაც ოდნავ გახსნილი ზურგჩანთა ან ჩემოდანზე დადებული ტელეფონი შესაძლოა ჯიბის ქურდების ობიექტი გახდეს. განსაკუთრებით საიმედოდ შეინახეთ დოკუმენტები და ფული. ისიც გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყანაში დაკარგული ნივთების მოძებნა პოლიციის პრიორიტეტი არ არის და მხოლოდ მოქალაქეების კეთილი ნების იმედად დარჩებით.

ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ უბრალოდ წადით და ისიამოვნეთ. არ შეგეშინდეთ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, რადგან ასეთი მომენტები თავგადასავლის ნაწილია, რომელიც სახლში დაბრუნების შემდეგ დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ.

კომენტარები