ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცავებმა ფონიჭალაში და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ დრეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.

"მიმდინარე წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 1983 წელს დაბადებული გ.მ-ს, 1983 წელს დაბადებული კ.რ-ს, 1952 წელს დაბადებული გ.რ-ს, 1995 წელს დაბადებული თ.ნ-ს, 1983 წელს დაბადებული შ.ხ-ს, 1977 წელს დაბადებული რ.ი-ს და 1966 წელს დაბადებული თ.ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. დაკავებულთა  საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი",  2 პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" ნალექით, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი პრეპარატი "სუბოტექსი", 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65.000 რუსული რუბლი  ამოიღეს." - თქვეს ბრიფინგზე.

გამოძიება წინასწარი  შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები