თავდაცვის სამინისტრო

იზორია დევრიშაძეზე: საიდუმლო ტენდერში მონაწილეებზე ინფორმაციის მიღება უკანონოა

შსს

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, ევროპული საქართველოს დეპუტატებმა კითხვები პეტრე დევრიშაძის საქმის შესახებ დასვეს. 

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვას - თავდაპირველად "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ პეტრე დევრიშაძე, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა, ხოლო მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ. დერვიშაძის​ მიერ დაფუძნებული კომპანია შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 

2010 წელს საქართველოში სპეცოპერაცია "ენვერი" ჩატარდა. მაშინ სამართალდამცავებმა რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო 13 პირი დააკავეს. მათგან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი მხოლოდ ერთმა - ბიზნესმენმა პეტრე დერვიშაძემ აღიარა. დევრიშაძეს 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის შესახებ განცხადება გააუქმა და განაცხადა, რომ მათ "დერვიშაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ". 

გიორგი კანდელაკმა დასვა კითხვა: 

"თქვენ [მამუკა ბახტაძე] და თავდაცვის მინისტრი ამტკიცებდით, რომ ყოველგვარ შესაძლებლობას იყავით მოკლებული, აღგეკვეთათ მილიონობით ლარის მოხვედრა მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირისთვის. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ როგორც კანონი შესყიდვების შესახებ, ასევე შესყიდვების სამსახურის დებულება სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა თავდაცვის სამინისტროს, რომ ეს აღკვეთა მომხდარიყო. 

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მაგალითად, შსს-ში დევრიშაძის კომპანიას შეუწყდა მიმდინარე ტენდერი. ანუ შეიძლებოდა, რომ ზოგადად მიმდინარე ტენდერიც შეწყვეტილიყო და თქვენ ეს არ გააკეთეთ, რატომ?"

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ პასუხად თქვა, რომ მათ დევრიშაძის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვინაიდან საიდუმლო ტენდერში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის მიღება არაკანონიერია. 

"კონტრდაზვერვითი საქმიანობა რომ განახორციელო, უნდა გქონდეს კანონი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ. ფარული მოსმენა, მიყურადება, თვალთვალი უნდა განახორციელო კანონის საფუძველზე და არა სურვილის ან ჭორის დონეზე თვითნებურად ინფორმაციები დავამუშავო. 

ტენდერებში, რომლებიც ფარულია, კონტრდაზვერვას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს და გაარკვიოს პიროვნება. მეტიც, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, რომელშიც ნასამართლეობაც შედის და ტენდერის მიზნებისთვის ასეთი პერსონალური მონაცემების გარკვევა, მით უფრო კონტრდაზვერვას, კანონით არ აქვს განსაზღვრული. 

შესაბამისად, თუ ვამბობთ, რომ კანონი დავიცვათ და სამართლებრივ კულტურას ვაშენებთ, კონტრდაზვერვას ამ საფუძვლის გარეშე ინიციატივა რომ აეღო, დაერეკა, ეთქვა, მოდი, იცი რა, მე ინფორმაცია მაქვს ჭორის დონეზე და მოდი იქნებ ... ეს არის კანონიერ საფუძველს გარეშე მოქმედება. 

შესყიდვების შესახებ კანონი ამბობს, რომ ყველას უნდა მოექცე თანაბრად, თანასწორად, დისკრიმინაციის გარეშე და ფარული უნდა იყოს ყველა პიროვნების მონაწილეობა ტენდერში. ვინც ამას დაარღვევს, მან სისხლის სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. ამიტომ აქ კანონმდებლის მხრიდან ერთგვარ პროვოცირებას აქვს ადგილი, რომ კონტრდაზვერვის წარმომადგენელი ან გინდათ თავდაცვის წარმომადგენელი კანონს არღვევდეს, რაც არის მიუღებელი და ყოველგვარ სამართლებრივ კულტურას მიღმა არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე, მართებულად გადაწყვიტა პრობლემის მოგვარების გზა პრემიერმა", - თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.  

საკითხის შესახებ პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ ის, რაც დევრიშაძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა, საკანონმდებლო ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

კომენტარები