სამთავრობო ცვლილებები

ქობულია: ჩვენ ვგეგმავთ ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას

აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ, – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ისაუბრა, რომელიც დღეს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში სოფლის და რაიონის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა.

მისივე თქმით, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა მოხდება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის", - ამბობს მინისტრობის კანდიდატი.

ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით ინვესტორების მოზიდვა.

"ორივე პროგრამა დაკავშირებული რაიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიურ ინდუსტრალიზაციასთან, მოითხოვს ჩვენგან სერიოზულ ინვესტირებას განათლებაში და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას. გარდა იმისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავგეგმავთ სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შესრულდეს ის, რასაც დავგეგმავთ“, - აღნიშნა ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

"ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს უწევს მომსახურებას. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. ეს პრობლემები ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე მათ სტრატეგიას, მათ საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მე ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც მე შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში“, - ამბობს ქობულია. 

გიორგი ქობულია მთავრობის განახლებული შემადგენლობის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

კომენტარები