მედიცინა და ფიზიოლოგია

ზაფხულში დეპრესია გაწუხებთ? შესაძლოა, ეს სეზონური აფექტური აშლილობა იყოს

ზაფხულის სეზონური აფექტური აშლილობა
www.time.com

როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობის წარმოდგენებში, დეპრესია უფრო ზამთართან ასოცირდება, ვიდრე ზაფხულთან. სეზონური აფექტური აშლილობა (SAD), დეპრესიის ქვეტიპი, რომელიც აშშ-ს მოსახლეობის 4-6%-ს აწუხებს, როგორც წესი დღეების დამოკლებასთან და აცივებასთან ერთად იწყება. თუმცა, SAD-ის ერთ-ერთმა ფორმამ, ზაფხულშიც შეიძლება იჩინოს თავი. 

სეზონური აფექტური აშლილობის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია. ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი მას განსაზღვრავს, როგორც დიდ დეპრესიულ აშლილობას, რომელსაც სეზონური ხასიათი სულ მცირე ორი წლის განმავლობაში აქვს.

ხშირად სიმპტომების გარჩევა ჭირს, რადგან SAD დეპრესიის ქვეტიპი უფროა ვიდრე დამოუკიდებელი დაავადება. რთულია გარჩევა, განწყობის მერყეობა, ძილის პრობლემები, უიმედობისა და უვარგისობის განცდა, მადის ცვლილებები, კონცენტრაციის სირთულე და სხვა სიმპტომები უშუალოდ სეზონურ აფექტურ აშლილობასთანაა კავშირში თუ დეპრესიის რომელიმე სხვა ფორმასთან.

"არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. ნეიროტრანსმიტერების რეგულაციის დარღვევის და ცირკადული რიტმის ცვლილების შესახებ. შესაძლოა, იყოს გენეტიკური კომპონენტიც", - ამბობს Yale New Haven Hospital-ის ფსიქიატრი, ექიმი პრაკაშ თომასი.

სეზონური აფექტური აშლილობის ორივე ფორმა მჭიდრო კავშირშია ადამიანის შინაგან ბიოლოგიურ საათთან. ზამთრის აშლილობას მზის შუქის შემცირება იწვევს, რაც სინათლის მეშვეობით მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებს აფერხებს. მათ შორისაა ძილ-ღვიძილის ციკლი და გუნება-განწყობის და ენერგიის რეგულაცია. იგივე ფუნქციები ზაფხულში მზის შუქის სიჭარბემ და მასთან დაკავშირებულმა სიცხემაც შეიძლება დაარღვიოს.

"ზაფხულის დეპრესიის ნიშნების გამწვავება გამოტოვების შიშსაც შეუძლია. უბედურებას საზოგადოებაში ყოფნა უხდება, ზამთარში ეს უფრო ხშირად ხდება. ზაფხულში ყველა ერთობა და თუ თქვენ ცუდად ხართ თავს უფრო გარიყულად იგრძნობთ. იზოლაციის განცდა სტრესის მთავარი მიზეზი და ფსიქოლოგიური დემოტივატორი ხდება", - ამბობს სეზონური აფექტური აშლილობის ექსპერტი და Georgetown University School of Medicine-ის კლინიკური პროფესორი ნორმან როზენთალი.

ამ ორ მდგომარეობის სიმმპტომებს ბევრი რამ განასხვავებს. მაშინ, როცა ზამთრის აშლილობისას ადამიანი ძილს და ჭამას ეტანება, ზაფხულის დეპრესიისას ხშირია უძილობა, ძილის ნაკლებობა, უმადობა და წონაში კლება. ისინი მეტად აჟიტირებულები არიან და არა აპათიურები და უფრო ხშირად გამოთქვამენ სუიციდურ აზრებს.

ექიმი როზენთალი მიიჩნევს, რომ ზაფხულის აფექტური აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქება კოგნიტურ-ქცევით თერაპიას შეუძლია. ისევე, როგორც შუადღის განმავლობაში სახლში დარჩენას, ცივ შხაპს, ცურვას და კონდიციონერს. მისი თქმით, გაზაფხულის განმავლობაში ანტიდეპრესანტების დოზების გაზრდამ შესაძლოა სიმპტომები ზაფხულის დადგომამდე შეამციროს.

კომენტარები