ჰაერის დაბინძურება

თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის დიოქსიდი დადგენილ ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თბილისში თამარ მეფის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით გაზომეს.

სადგური აპრილიდან ამოქმედდა და მისი საშუალებით თბილისის რამდენიმე წერტილში ჰაერი უკვე მუდმივად იზომება. 

ავტომატური სადგურით შესაძლებელია დაბინძურების მიზეზების დადგენაც.

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია  განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგები, საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეფასდა. 

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენეტის უფროსი მარინა არაბიძე ამბობს, რომ თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. არაბიძის თქმით, მხოლოდ აზოტის დიოქსიდია ნორმაზე მეტი, დანარჩენი მაჩვენებლები კი ნორმაშია. 

მანვე თქვა, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი მანქანების გამონაბოლქვი და მშენებლობების შედეგად გამოწვეული მტვერია.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი. მარინა არაბიძის თქმით, ვაშლიჯვარში ამ კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობაა. 

კომენტარები