საემიგრაციო პოლიტიკა

ტრამპმა მიგრანტი ოჯახების განცალკევების აკრძალვაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვას ხელი მოაწერა. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

„ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოება გვსურს. ამავდროულად კომპრომისზე მივდივართ, რადგან არ გვინდა ოჯახის წევრები ერთმანეთს დავაშოროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტებულია, რომ ოჯახების განცალკევების აკრძალვის მიუხედავად, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა „ნულოვანი ტოლერანტობა“ მომავალშიც გაგრძელდება.

აშშ-ის "ნულოვანი მოთმინების" პოლიტიკის ფარგლებში ამერიკელი მესაზღვრეები არალეგალი ოჯახებიდან მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთს აცილებდნენ. ასეთ დროს, ბავშვები არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში გადაჰყავდათ. ბოლო რამდენიმე კვირაში აშშ-ს ხელისუფლებამ 2300-მდე ბავშვი გადაიყვანა ასეთ დაწესებულებებში. 

ტრამპის ამ პოლიტიკას კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველების და გაეროს მხრიდან. შტატების საიმიგრაციო პრაქტიკა რიგ პოლიტიკოსებთან ერთად რელიგიურმა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაგმეს. 

კომენტარები