საემიგრაციო პოლიტიკა

წულუკიანი: მიგრაციის შესახებ კანონში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა

news.ge

თეა წულუკიანის აზრით, მიგრაციის შესახებ კანონში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ უცხოელებმა, რომლებსაც ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა, ახალი წესების შემოღებას პატივი არ სცეს, არ მოინდომეს კანონის წაკითხვა ან კანონი ვერ გაიგეს.

"შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. ეს ის მთავრობაა რომელიც ამგვარი საკითხებისთვისაც და უხერხულობებისთვისაც კი იხდის ბოდიშს, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდია ბოდიში იმისთვის, რომ გირგვლიანი მოკვდა. ასეთი უხერხულობებისთვისაც კი ჩვენი მთავრობა არა მხოლოდ ბოდიშს იხდის, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ამ უცხოელებმა მარტიდან ოქტომბრამდე, ხუთი თვე არ გამოიყენეს იმისთვის, მე ვფიქრობ, ან არ სცეს კანონს პატივი, ან ვერ გაიგეს კანონი იმიტომ რომ ქართულად არის", - ამბობს წულუკიანი.

“როგორც ჩანს, ასეა თუ ისე, ამ მიზეზით თუ იმ მიზეზით, ეს ინფორმაცია ან არ მივიდა ამ უცხოელებამდე, ან მათ ჩათვალეს, რომ აქამდე თუ საერთოდ არ იყო ამ ქვეყანაში წესები და აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ, ვერ დაიჯერეს, რომ რაღაც წესები იქნებოდა შემოღებული”, - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის თქმით, უცხოელები, რომელთაც ახალმა კანონმა პრობლემები შეუქმნა, საკმარისად ინფორმირებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან დიპლომატიურ კორპუსთან, რომელსაც მათთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციას აქტიურად აწარმოებდა.

“დიპ. კორპუსი იყო ინფორმირებული და დიპ. კორპუსი  იმის დიპ. კორპუსია, რომ თავის მოქალაქეებს კონსულების მეშვეობით საქართველოში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია”, - თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ახალი კანონი ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა ასოცირების ხელშეკრულების ივნისში ხელმოწერა, რადგან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი და სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

წულუკიანის ინფორმაციით, უხერხულობების მოსახსნელად, რომელიც ახალმა კანონმა ზოგიერთ უცხოელს შეუქმნა, მთავრობამ შეიმუშავა შვიდპუნქტიანი გეგმა,  რომელიც მათთვის დროებით შეღავათებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ახალი კანონი ძალაში 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა.

კომენტარები