აიისას საქმე

მოსამართლე ლევან მურუსიძემ "აიისას" დაჯარიმება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისას" საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

კომპანიის დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან ამბობს, რომ მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. მას შემდეგ, რაც მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნობა, აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით 2018 წლის 4 მაისს დააჯარიმა. გარდა ამისა, მოსამართლემ "აიისას" რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადებადააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონპროექტები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ვრცლად იხილეთ სტატიაში: "გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ".

კომენტარები