გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დღეს წარუდგენს. ამის სესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
"საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი ამ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ მთავრობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას,"- ამბობს ნაცვლიშვილი.
გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური მასკარადის დასრულებისკენ და პრემიერმინისტრად საკუთარი ტავის დასახელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.
ბახტაძის შესახებ ბიძინა ივანიშვილს განცხადება მხოლოდ ერთხელ ერთხელ, 2013 წელს აქვს გაკეთებული, მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ "მამუკა ბახტაძე კარგი ბიჭია."
მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთია:
- საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უნდა წამოაყენოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურა.
- პრემიერმინისტრობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.
- საქართველოს პარლამენტმა, მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
- თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.





