გიორგი კახიანი

კახიანი: ხვალ გახდება ცნობილი პირველი ვარაუდები იმაზე, თუ ვინ იქნება პრემიერი

ტაბულა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ხვალ ცნობილი გახდება პირველი შეფასებები და ვარაუდები პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ვინაობის შესახებ.

"კონსულტაციები უკვე შეიძლება ითქვას რომ დაწყებულია და ხვალიდან ძალიან აქტიურ ფაზაში გადავა. რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებითაც და იქნება ასევე კონსულტაციები კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით."

"წინასწარ კანდიდატზე არ ვართ შეჯერებული. პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. ამაზე არ ყოფილა მსჯელობა. ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან. ხვალ წარიმართება კონსულტაციები და ხვალვე საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერმინისტრი."

"კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ ერთი კვირის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარადგინოს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი და იმავე ვადაში პრეზიდენტმა ეს კანდიდატი უნდა წამოაყენოს პრემიერმინისტრის პოსტზე. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ახალმა კანდიდატმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ახალი მთავრობის შემადგენლობა. ამ წარდგენიდან ასევე ერთკვირიანი ვადა არის იმისათვის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე." განაცხადა კახიანმა.

შეკითხვაზე თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მისი აზრით მსგავსი ფაქტის წინაშე არ დადგებიან.

"ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების რეაქცია არის ადეკვატური." თქვა მან.

კომენტარები