ხორავას ქუჩის საქმე

პროკურატურა 30 მაისს ამბობდა, რომ მირზა სუბელიანმა "არაფერი არ იცოდა"

მთავარი პროკურატურა

"მირზა სუბელიანი არაინფორმატიულია, არაფერი არ იცის ამ კაცმა ამ საქმეზე,"- 30 მაისს ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა არასრულწლოვნების მკველობის საქმის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ. 31 მაისს მაისს კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დაკარგა, პარლამენტმა კი სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა. დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. შესაბამისად, კაცი რომელმაც პროკურატურის შეფასებით არაფერი არ იცოდა აღმოჩნდა, რომ დანაშაულს მალავდა. მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიზე ამბობს, რომ პროკურატურამ საქმე სწორედ მირზა სუბელიანის მითითებებით “შეკერა“, სარალიძე სუბელიანისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს დააკავონ ის პირები, ვინც საქმის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა.

პროკურორ მალხაზ კაპანაძის განცხადება 2018 წლის 30 მაისს:

“კითხვაზე მირზა სუბელიანი დავკითხეთ თუ არა გიპასუხებთ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით დაიკითხა მისი შვილი უშუალოდ დანაშაულის შესახებ, ხოლო რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის იმდენად არ იყო შემხებლობაში ამ საქმესთან, იმდენად არაინფორმატიული იყო მაგის ჩვენება, არა თუ ჩვენ, აი ახლა ვიტყვი ერთ გარემოებას, დაცვის მხარეს მირზა სუბელიანი ჰყავდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი და დაცვის მხარემ მოხსნა ის დასაკითხ პირთა სიიდან. დაცვის მხარემაც კი არ ისურვა მისი დაკითხვა სასამართლოზე იმდენად არაინფორმატიულია და არაფერი არ იცის ამ კაცმა ამ საქმეზე. აი კიდევ ერთხელ, პირველად ვაჟღერებ დაცვის მხარემაც არ ისურვა მისი დაკითხვა,“- ამბობდა კაპანაძე.

მას შემდეგ, რაც საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა მირზა სუბელიანი დაკითხვაზე ორჯერ იყო დაბარებული. სუბელიანის დაკითხვას სპეიცალური საპარლამენტო კომისიაც გეგმავდა. დღეს კი მესამე დაკითხავზე მისულ სუბელიანს ბრალი წარუდგინეს. 

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,“- დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

ზაზა სარალიძის კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით:

“ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა აქ არ იყო მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი, ის დამნაშავეა იმ მხრივ რომ მისი დავალებებით კერავდნენ პროკურორები ამ საქმეს. იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთებში ექსპერტებსა და სკოლის დირექტორს კითხავს პოლიცია. მაინტერესებს რატომ არ კითხავენ დღემდე საქმის პროკურორებს? რომლებმაც შეკრეს ეს საქმე ნუ მეთამაშებიან. ჯერ ერთი მე მხოლოდ სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე გამახვილებული ყურადღება, მე მათ ძალიან ბევრი ადამიანის სახელი ჩამოვუთვალე, მაგალითად მიხეილ კალანდია, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა? ხალხი ვინც წესით აქამდე უნდა დაეკავებინათ არ დაუკავებიათ. ნუ მეთამაშებიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებით!“- ამბობს ზაზა სარალიძე.

დღესვე სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. უწყებამ ხორავას ქუჩის საქმის 10-ტომიანი მასალები შეისწავლა, რის საფუძველზეც დადო დასკვნა რომ გამოძიებას მოწმეთათვის არ დაუსვამს ის ძირითადი კითხვები, რაც დამნაშავის იდენთიფიცირებას შეუწყობდა ხელს. სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე ბუნდოვანია ვინ გასცა დანაშაულის ადგილის - ფარდულის დაშლის ბრძანება და რატომ არ დააკავეს ის პირები, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში ნათლად მონაწილეობდნენ. 

“ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს.

 

კომენტარები